გაზეთ „ივერიის“ წარდგენა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში
 01/05/2026

1 მაისს ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში გაზეთ „ივერიის“ 1886-1887 წლების ნომრების კომპლექტების წარდგენა გაიმართა. კრებულები პროექტ "გიგანტური წიგნების" ფარგლებში გამოიცა.

აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, პროექტ „გიგანტური წიგნების“ ავტორი და ხელმძღვანელი, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი ნოდარ დუგლაძე და ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი.

პროექტი „გიგანტური წიგნები“ გაზეთ „ივერიის“ ნომრების სრულად აღდგენას, გაციფრებასა და ორიგინალის ზომითა და ფორმით წლიურ კომპლექტებად დაბეჭდვას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის სხვა ქართული პერიოდული გამოცემების „გიგანტური“ ასლების დაბეჭდვაც იგეგმება. პროექტი მიზნად ისახავს ერთი მხრივ ბიბლიოთეკის საცავებში დაცული დედნების გადარჩენას, მეორე მხრივ კი უნიკალური მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გაადვილებას.